ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IDFI რიონის ხეობის მოვლენებზე: ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაა

IDFI რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ბუნება და ხანგრძლივობა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაა.

განცხადებაში, რომელსაც IDFI ავრცელებს, აღნიშნულია, რომ უფლების შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, კანონის ფარგლებში მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ,  გამოხატვის თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს.

“დაახლოებით, ექვსი თვეა საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი ნამახვანი ჰესის პროექტის წინააღმდეგ. უკანასკნელ პერიოდში, სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის გადაკეტილია გზა ქუთაისიდან ნამახვანის მიმართულებით.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვიდან თითქმის 10 დღეა გასული. ამ დრომდე, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია შეზღუდვის მართლზომიერების დამადასტურებელი არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი. შემაშფოთებლად განვითარდა მოვლენები 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა კარვები დაშალა და ამავე დროს, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ადვოკატებს/უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო როგორც კარვების დაშლის, ისე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების შესწავლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

სახელმწიფოს მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ბუნება და ხანგრძლივობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობაა. უფლების შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, კანონის ფარგლებში მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ, არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

ამჟამად, სოფელ გუმათთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი არ შეუშალოს, მეტიც უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების და პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი პირების დაუბრკოლებლად გადაადგილება, ასევე გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების გადაადგილებას. ასევე, შსს-მ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება და საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამახვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 11 აპრილს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

აღნიშნულმა მოძრაობის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....