მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც გოლეთიანმა ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნა, მოძრაობის წევრები ეკონომიკის მინისტრთან, რომლის გადადგომაც მოითხოვეს, დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
“ვინაიდან ნათია თურნავამ იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა, ჩვენ დავაყენეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისივე საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ შემდეგი ვინც მოდის გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის და ეს ალბათ, არის ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირდად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდეგი განხილვა. ვინც ნათია თურნავაზე მეტად არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენ სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ პიროვნებასთან შეხვედრას”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, 11 აპრილს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
აღნიშნულმა მოძრაობის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.
რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.
ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.