ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: გირჩი ამ განცხადებით პარლამენტში ვერასდროს მოხვდება – შანსი, რომ რომელიმე პუნქტი შესრულდეს, ნულის ტოლია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ გირჩის მიერ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის შეთავაზებული შვიდი პუნქტიდან, რომელიმეს შესრულების შანსი ნულის ტოლია.

როგორც გოცირიძემ მეტრონომთან საუბრისას განაცხადა, გირჩი, რომელსაც უნდა პარლამენტში შესვლა ან აბრალებენ, რომ უნდა შესვლა, ამ მთავრობისთვის შეთავაზებული გეგმით საკანონმდებლო ორგანოში ვერასდროს მოხვდება.

“მათ თქვეს თავიანთი მოსაზრება, რა ულტიმატუმს უყენებენ ხელისუფლებას. პუნქტებში არის წინააღმდეგობრივი თემები, რომლის ნაწილსაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები… მოსაზრება, რომ თითქოსდა, მათ ეს შეთავაზებები მთავრობას გაუკეთეს იმის გამო, რომ პარლამენტში შევიდნენ, არის ძალიან არასწორი. პირიქით, ამ პუნქტებიდან მთავრობა არც ერთს არ დაუჭერს მხარს. გამოდის, რომ წინასწარ ისეთ რამეს სთავაზობენ, რომელიც მთავრობისთვის იქნება მიუღებელი. ანუ თუ ამ მოთხოვნებიდან არც ერთი არ შესრულდება, საიდან უნდა დავაბრალოთ, რომ ამას პარლამენტში შესასვლელად აკეთებენ. გირჩი, რომელსაც უნდა პარლამენტში შესვლა ან აბრალებენ, რომ უნდა შესვლა, ამ განცხადებით პარლამენტში ვერასდროს მოხვდება. შანსი, რომ რომელიმე ერთი პუნქტი შესრულდეს, არის ნულის ტოლი. პირიქით, რომ შეეთავაზებინათ ძალიან მარტივი რაღაცები და მთავრობას ეთქვა – კი, კი გისრულებთ, მაშინ შეიძლება ყოფილიყო აზრი, რომ ამას აკეთებენ პარლამენტში შესასვლელად… დაცვა მიწევს გირჩის, ფაქტობრივად, მაგრამ დაბრალება, რომ პარლამენტში უნდათ შესვლა, სისულელეა. მათ რასაც აბულინგებენ, ისიც ეყოფათ”, – აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, გირჩმა მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმებით, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი პროგრამული აზრი გამოხატა.

“კიდევ ერთხელ თქვეს და გამოხატეს საკუთარი პროგრამული აზრი. მოსამართლეებისა და რაიონული შერიფების პირდაპირი წესით არჩევა ისეთი წინააღმდეგობრივი რაღაცაა, რომ არათუ ეს მთავრობა, არამედ ახლობელი, მეზობელი პარტიაც კი არ დათანხმდება. პირველი პუნქტი, რომ შესრულდეს, ე.ი. ნაციონალური მოძრაობა უნდა დახვდეს პარლამენტში მეგრელიშვილს. მათ აქვთ სუპერრადიკალური რეფორმების იდეა. ითხოვენ მიწების, ტყეების, მთების, მყინვარების, წიაღის, ტბების, მდინარეების, ციყვების, არწივების( თუ გამოიჭირეს). ხალხისთვის დარიგებას. გვიმსჯელია ამაზე. რომელი მთავრობა დაეთანხმება ამას. შეიძლება 50 წლის მერე კი. ან მულტივალუტურ რეჟიმზე გადასვლა. არ ნდომებიათ პარლამენტში შესვლა, თუ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ყოფილა საქმე. მთავრობა კი არა, მეც არ დავეთანხმე. ახლა რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ პეპის გრძელი წინდა ჰქონდა, ა, გრძელი წინდა იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში რაღაც ხომ არ ხდება ისეთი? პარლამენტისა და წინდის დაკავშირება ხომ ძნელია. ზუსტად ასეთივე ძნელია ამ განცხადების დაკავშირება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან”, – უთხრა მეტრონომს რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გირჩმა გაზეთის პირველი გვერდი გამოაქვეყნა თიზერის სახით, სადაც მათი სამოქმედო გეგმა ჩანს, რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.

გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ ქართული ოცნება დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და შესრულებას:

  •  ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  •  ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;

“თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვანად განხორციელებას, გირჩი ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში. ხოლო თუ მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი არ უნდათ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედით, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება ჩვენთვის 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან.

. ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში;

. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქარველოს ყველა მოქალაქეს), პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.

ჩვენ პარლმენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნებისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფნებში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში” ,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ გეგმაში.

იტვირთბა....