ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ რიონის ხეობაში პრობლემის მოსაგვარებლად, საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია

სახალხო დამცველი ნინო ლონჯარია რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დიალოგის ნაცვლად, საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია.

ომბუდსმენის თქმით, მმართველი პარტიის აღნიშნული ნაბიჯი არა ხეობაში არსებული პრობლემების მოგვარებას, არამედ გამწვავებას ემსახურება.

“4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან. ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად, საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო; დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი; დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული: პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია; ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია, ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 11 აპრილს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

აღნიშნულმა მოძრაობის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....