საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მხარეები რთულ კომპრომისებზე უნდა წავიდნენ.
როგორც დეგნანმა რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მთელი პარლამენტის მუშაობას მოითხოვს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის რაც შეიძლება სწრაფაად გადაჭრას; რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს… ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთამენთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციითა და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე. მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის”, – აცხადებს დეგნანი.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უწევდა, თუმცა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.