ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის საკითხზე დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანი შეხვედრისთვის მზადყოფნას აცხადებს.
როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კაშხლის აშენება გადაიდო, ულტიმატუმი, რომ პროექტის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კაშხალი არ უნდა აშენდეს, მიუღებელია.
“მზად ვართ შეხვედრისთვის კვლავაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა შეხვედრა იმისთვის, რომ ერთად მართლაც იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩაქთ მათ იმის შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო მიღებული – კაშხლის მშენებლობა გადაიდო. ამ თემებზე ვისაუბრებთ, რასაკვირველია, მაგრამ ულტიმატუმი გაისმის, რომ როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია”, – აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.