ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია გაჩეჩილაძის დაგეგმილ აქციაზე: უნდა შევეჩვიოთ, განსხვავებული აზრი საზოგადოებაში სულ იქნება

მოძრაობა დროას  ლიდერი ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს გიორგი გაჩეჩილაძის დაგეგმილ აქციაზე ხალხი იყო, რომელიც თავისი ნებითაც მივიდნენ და უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებული აზრი სულ იქნება. ამის შესახებ ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ნებით მისული ხალხიც იყო.
უნდა შევეჩვიოთ, რომ განსხვავებები ჩვენ საზოგადოებაში სულ იქნება. განსხვავებული დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, თავისუფლების მიმართ, რეფორმების თუ სტატუს კვოს შენარჩუნების მიმართ. ეს განსხვავებები აქციებშიც გამოიხატოს, რა პრობლემაა? გამორიცხულია ყველა ერთ აზრზე ვიყოთ.
ანუ მე, როგორც პოლიტიკოსს, როცა მაქვს ამბიცია, რომ მმართველობის მანდატი მივიღო, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ შევცვალო ხალხის წარმოდგენები, ყველა ისეთი გახდეს და ისე იფიქროს, როგორც მე ვიფიქრებ ან უმრავლესობა, მმართველი გუნდი იფიქრებს.
პოლიტიკური ამოცანა არის სხვა. ეს განსხვავებები არ გადაიზარდოს ძალადოვრივ კონფლიკტში, უმრავლესობამ არ დაჩაგროს უმცირესობა, დადგინდეს თამაშის წესები, რომ არავის სანაგვეზე გადაგდება, არავის მიტინგის ალაგმვა, არავის ცემა თუნდაც ყველაზე გულწრფელი აღშფოთების გამო, არავის ციხეში ჩასმა უკანონოდ.
ეხლანდელი ხელისუფლების პრობლემა არის იმაში, რომ განსხვავებებით სარგებლობს პარტიული მიზნებისთვის, ძალადობის უფლებას ანიჭებს თავისიანებს და კანონი არ აინტერესებს. გადაწყვიტა სულ უმრავლესობაში იყოს და თავის ჭკუაზე გვატაროს”,- წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მომღერალმა უცნობმა ხალხმრავალი ანტიოპოზიციური აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მადლობა გადაუხადეს და საბოლოოდ, დედა ენის ბაღში მივიდნენ, სადაც მარადისობის დღე დააფუძნეს.

გია გაჩეჩილაძემ წარწერა ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.

 

იტვირთბა....