აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.
საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.
აფგან მუხთარლი საქართველოში, 7 აპრილს შემოუშვეს.
ჟურნალისტი პროკურატურაში გუშინაც იმყოფებოდა, თუმცა მისი განცხადებით, მას იქ თურქული ენის თარჯიმნები დაახვედრეს, რის გამოც მან უარი განაცხადა, რადგან თარჯიმნები მისთვის გასაგებ ენაზე კომუნიკაციას ვერ შეძლებდნენ.