საქართველოს პროკურატურის თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, მან კი ორივეზე თქვა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ.
“მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იქნა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, თავის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე მუხთარლი გაესაუბრა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოწვეული იქნა ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც დაიწყო აფგან მუხთარლის გამოკითხვა. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და დატოვა საგამოძიებო უწყება”. – წერია განცხადებაში
აფგან მუხთარლი ამბობს რომ, პროკურატურაში თურქი თარჯიმანი დაახვედრეს.
უწყების ინფორმაციით, მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ, მისი გამოკითხვა 9 აპრილს გაგრძელდება.