აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა, სადაც მისი გატაცების დეტალებზე ისაუბრა. მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სავარაუდოდ ივანიშვილიც ინფორმირებულები იყვნენ.
ჟურნალისტმა მისი საქართველოში ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პროკურატურასთან სათანამშრომლოდ ჩამოვიდა, რათა ამ საქმის გარშემო სიმართლე ყველასთვის გახდეს ცნობილი.
“ჩემს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა როგროც აზერბაიჯანული მხარე, ასევე ქართული მხარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასაზღვრო პოლიცია. იმიტომ ვიმყოფები თბილისში, რომ მსურს პროკურატურას მივაწოდო ინფორმაცია რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში. უნდა ვანახო ადგილი, საიდანაც მოხდა ჩემი გატაცება. ქართული პროკურატურის იმედი არ მაქვს, რადგან ეს ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულთან ერთად ჩაიდინა. ამაზე ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ იცოდა ივანიშვილმაც”, – აღნიშნა ბრიფინგზე მუხთარლიმ.
აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.
საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.
აფგან მუხთარლი საქართველოში, გუშინ, 7 აპრილს შემოუშვეს.