ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა გაჩეჩილაძეზე: ფულზე გაყიდული ვაიპოლიტიკოსის მოქმედებებით, ხდება საზოგადოების დაყოფა და ღვარძლის გაღვივება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ თბილისში გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებული აქცია საზოგადოების დაყოფასა და სხვადასხვა ჯგუფს შორის ღვარძლის გაღვივებას ემსახურება.

როგორც ბოკუჩავა მეტრონომთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც ახლა დედაქალაქის ქუჩებში ხდება, ხელს აძლევს ქვეყნის მტერს, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეები დაარბია.

“ამ აქციით და ფულზე გაყიდული ვაიპოლიტიკოსის მოქმედებებით იმ დღეს, როდესაც ქვეყანა უნდა ერთიანდებოდეს, როგორც ზვიად გამსახურდიამ თქვა – “ცრემლნარევი სიხარულით”, როდესაც ერთი მხრივ, აღინიშნება 9 აპრილის ტრაგედია და მეორე მხრივ, ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენას, ამ დღესაც კი, ხელისუფლების ხელშეწყობით და ეჭვი მაქვს, პირდაპირი დაფინანსებით, ხდება საზოგადოების დაყოფა, კონტრაქციების ჩატარება, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს შორის ღვარძლის გაღვივება, რაც ანტისახელმწიფოებრივია, პირდაპირ გეტყვით და რაც ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის მტერს, რომელმაც 32 წლის წინ სასტიკად დაარბია თავისუფლებისმოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. დღეს მათ მიზნებს კვლავ ემსახურებიან ასეთი ფულზე გაყიდული ვაიპოლიტიკოსები, როგორიც არის ბატონი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც უცნობი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, საინტერესოა, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული კონტექსტიც და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ხელისუფლება აქციებთან დაკავშირებით ახორციელებს.

“რაც შეეხება კორონავირუსის კონტექსტს, ძალიან ნიშანდობლივი იქნება, ბუნებრივია, ხელისუფლების განცხადებები ამ აქციებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციასა და ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართული ოცნება დაუყოვნებლივ გაიხსენებს ხოლმე დისტანციის დაცვასა და ეპიდემიოლოგიურ მოცემულობას, მაგრამ ეჭვი მაქვს, მათი ხელშეწყობით და უდიდესი ალბათობით, მათი დაფინანსებით მოწყობილ აქციაზე დაავიწყდებათ აღნიშნული ნორმები. სწორედ ეს ორმაგი სტანდარტი, საკუთარი მოქალაქეების დაყოფა და სიძულვილის თესვა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მეცხრე წელია  ამ ქვეყანაში ატარებს. ეს უნდა დავასრულოთ აუცილებლად. ამას უნდა დავუსვათ წერტილი. ქვეყანამ ეს უნდა ჩააბაროს წარსულს იმისთვის, რომ შევძლოთ იმ მონაპოვარის გაფრთხილება და ქვეყნის წინსვლა, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იბრძოდნენ ადამიანები და ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლეც კი შესწირა 32 წლის წინ“, – უთხრა მეტრონომს თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, თბილისში, ამ წუთებში გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მომღერალი, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ აფუძნებს.

 

იტვირთბა....