გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიმართა და საზოგადოების სახელით, ბოდიში მოუხადა.
გაჩეჩილაძის თქმით, პატრიარქს მანქურთები გაშმაგებით ებრძვიან.
“თქვენ და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ხორციელდება შეტევა უწმინდესზე – ყველაზე წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია; თქვენ ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიაზე და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც, ასე ძლიერ ებრძვიან უწნმინდესს. თბილისის, საქართველოს გულიდან მინდა მივმართო უწმინდესს – თქვენო უწმინდესობავ, ვერ მიგიხვდით ვერაფერს, ვერ მიგიხვდით, ეტყობა. ყველაფრისთვის მადლობა, თქვენო უწმინდესობავ. მანქურთების საქციელს, ბევრს განიცდით, ეტყობა. ბოდიში, მათ მაგივრად, თქვენო უწმინდესობავ. ვეღარ ვსწავლობთ სიყვარულს, აგრესია გვეტყობა. ვეცდებით, რომ ვისწავლოთ, თქვენო უწმინდესობავ. და ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასე გაშმაგებით ებრძვიან“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.
მომღერალი თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ აფუძნებს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით საპატრირქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში“ დასრულდება.