ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი მუხთარლის ბრალდებაზე: მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ბრალდებას, რომ მისი გატაცების შესახებ კვირიკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა იცოდნენ, აბსურდულს უწოდებს.

როგორც კვირიკაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა, ის, რომ მუხთარლიმ მსგავსი ტიპის განცხადებები გააკეთოს, ვიღაცის ინტერესებშია.

“მუხთარლის მხრიდან ისმის ბრალდება. პირველი, ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე, რაც მინდა ვთქვა, თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს.

მესამე, მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ეს გამოჩნდება, ალბათ, მერე შემეძლება უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. დღეს შემიძლია ეს გითხრათ, აბსურდია… ნიკა სამხარაძემ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა,  განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სავარაუდოდ ივანიშვილიც ინფორმირებულები იყვნენ.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.

საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.

იტვირთბა....