ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სასამართლო რეფორმასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სრულიად არასაჭირო იყო ახლა ამ ცვლილებებისთვის კენჭისყრა.
“არ იყო არანაირი საჭიროება ახლა, ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე, ამ ცვლილებისთვის კენჭისყრა. ამის შესახებ მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცოდა”, – დაწერა მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
1-ელ აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები.
ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც მწუხარებაა გამოთქმული, რომ საქართველოს პარლამენტმა ყოველგვარი კონსულტაციის პროცესის გარეშე, ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები და მასში არაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის პროგრამით გათვალისწინებული საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის მთავარი პირობაა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოხდეს.