აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩვენი საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ ვითარდება, კრიტიკულ ეტაპზე ვართ, წევრმა ქვეყნებმა პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ – ევროკომისარი ვალდის დომბროვსკი

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის შემოდგომის პაკეტი წარადგინა.

დომბროვსკისის განმარტებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ფისკალური პოლიტიკა უფრო მკაცრად უნდა წარმართონ, რადგან იზრდება როგორც ბიუჯეტის დეფიციტი, ისე სახელმწიფო ვალი, ამასთან, ძვირდება ვალის მომსახურებაც.

ევროკომისიის საშემოდგომო პროგნოზის თანახმად, ევროკავშირში ბიუჯეტის საშუალო დეფიციტი 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1%-ს შეადგენს, ხოლო 2028 წლისთვის 3.8%-მდე გაიზრდება. 2026 წელს 12 წევრ ქვეყანაში დეფიციტი მშპ-ის 3%-ს გადააჭარბებს, 2028 წლისთვის კი ასეთი ქვეყნების რაოდენობა, პროგნოზით, 16-მდე გაიზრდება.
ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფო ვალი 2025 წელს მშპ-ის 82.6%-დან 2028 წლისთვის 85.6%-მდე მოიმატებს. მიმდინარე წელს წევრი სახელმწიფოების ნახევარზე მეტში სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აჭარბებს, ოთხ ქვეყანაში კი 100%-ზე მეტია.

„ჩვენი საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ ვითარდება. კრიტიკულ ეტაპზე ვართ. წევრმა სახელმწიფოებმა პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ“, – განაცხადა დომბროვსკისმა.

ევროკომისარმა წევრი ქვეყნების მიერ საბიუჯეტო წესების შესრულებაც შეაფასა. ევროკომისიის შეფასებით, ექვსი ქვეყანა – ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და სლოვაკეთი – დადგენილ მოთხოვნებს ასრულებს. იტალია 2026 წელს ჭარბი დეფიციტის გამოსწორებას შეძლებს.

ფინეთი და რუმინეთი მომავალი წლისთვის მოთხოვნების შეუსრულებლობის რისკის ქვეშ არიან, ხოლო ბულგარეთსა და უნგრეთში ევროკომისია უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვან შეუსაბამობებს აფიქსირებს. ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ჭარბი დეფიციტის პროცედურის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირება არასაკმარისი იყო და საქმე გვაქვს წესების განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებთან. ეს ორივე ქვეყნის მიმართ პროცედურის გამკაცრებას მოითხოვს“, – აღნიშნა დომბროვსკისმა.

ეს გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის დეფიციტის შემცირების ახალი ვადებისა და მოთხოვნების განსაზღვრის საფუძველი გახდება. გარდა ამისა, დაიწყება მაკროეკონომიკური პირობითობის მექანიზმის ამოქმედების პირველი ეტაპი. ბულგარეთის შემთხვევაში, როგორც ევროზონის წევრი ქვეყნისთვის, ეს მშპ-ის 0.02%-მდე ოდენობის ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს.

დომბროვსკისის განცხადებით, ევროკომისია წევრი ქვეყნების ფისკალურ მდგომარეობას 2027 წლის გაზაფხულზე ხელახლა შეაფასებს.

იტვირთბა....