სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.
ლომჯარიას თქმით, ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ომბუდსმენის თქმით, გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც, როდესაც ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს . ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა .
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცა. თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა. დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისათვის გასახსნელად. ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.
დღეს, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა.