ახალი ამბები მთავარი

მელიას წერილი ციხიდან: სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ტელეკომპანია მთავარის კითხვებს ციხიდან წერილობით პასუხობს და წერს, რომ სასამართლო მას პატიმრობაში დატოვებს.

მელიას თქმით, ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მასთან ერთად მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა და ამასთან 15 მაისის საპროტესტო აქციებშიც ჩაერთვება.

“ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი”, – წერს ნიკა მელია ციხიდან.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ენმ-ის ლიდერი 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

იტვირთბა....