ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ოქროს გასაღები არ არსებობს.
როგორც ხუხაშვილმა metronome.ge-ს განუცხადა, იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ჩიხია, პირობებზე საუბარი აზრსმოკლებულია და მთავარი ამ შემთხვევაში, კომპრომისის მოძებნაა.
„რა გითხრათ, ოქროს გასაღები არ არსებობს. მთავარია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნებისმიერ ფორმულაზე. კონკრეტულად, აზრი არ აქვს პირობებზე ლაპარაკს, მთავარია, რომ კომპრომისი მოიძებნოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩიხი არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის მიმართულებით, არამედ ჩიხი გვაქვს – პრაქტიკულად სფერო არ არის დარჩენილი, სადაც პოზიტიური დღის წესრიგი ან პოზიტიური მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურში. ამ პრობლემების თუნდაც გადაწყვეტის მცდელობას, პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ სჭირდება. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა თუ შეეცდება, რომ სახელმწიფო ინტერესი იწილო-ბიწილოს, ჭიდაობის ზევით დააყენოს, რაღაც შეთანხმება იქნება, თუმცა ამას ჩვენ ვერ ვხედავთ“, – ამბობს ხუხაშვილი.
metronome.ge-ს შეკითხვაზე, რომელ მხარეს – მმართველ პოლიტიკურ პარტიასა თუ ოპოზიციას აქვს მეტი პასუხისმგებლობა შეთანხმების მიღწევის პროცესში, ხუხაშვილი აცხადებს:
„ნებისმიერ სტაბილურ ქვეყანაში სტაბილურობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ოპოზიციაზე მეტად პასუხისმგებელი არის ხელისუფალი. ხელისუფლებას ჩვენ ზუსტად იმისთვის ვქირაობთ, რომ უზრუნველყოს როგორც პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე კეთილდღეობა. ხელისუფლება, რომელიც ამ ფუნქციას არ ასრულებს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობის ლომის წილი მასზეა. ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობის, მაგრამ ამ ორი რაღაცის შედარება უბრალოდ არასერიოზულია“.
შეგახსენებთ, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში, მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად, 28 მარტს დაბრუნდა, თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა.