ოპოზიციური პარტიების ნაწილი, შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების რეჟიმში გადადის.
„გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება მოლაპარაკებისთვის მზად არის.
„უკვე ვართ იმ სტადიაში, როდესაც შეგვიძლია, „ქართულ ოცნებასთან“ დავიწყოთ ჩვენი პოზიციით მოლაპარაკება. არც ერთმა მხარემ გასაგებად არ დათმო ის, რასაც დანიელსონი სიტყვებს შორის სთავაზობდა მათ. თუ ვინმეს ჭკუა აქვს და ამ დოკუმენტს წაიკითხავს, მიხვდება ვის მხარეზე, რა კომპრომისია დაშვებული“, – უთხრა მეგრელიშვილმა „რუსთავი -2“-ს.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა.