პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს ეხმაურება.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას ბუაძემ განაცხადა, კვლევამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური განწყობები ასახა.
„ბუნებრივია, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული განწყობები აისახება ასევე კვლევაზეც და შეუძლებელია, რომ მოქალაქეებს მოსწონდეთ ეს მოცემულობა, სადაც მზარდი არის უმუშევრობა; სადაც ქვეყანა უდიდესი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე არის; სადაც პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ საფრთხედ ჩვენ ქვეყანაში“, – აცხადებს საბა ბუაძე.
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39 % მიიჩნევს, რომ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გუარესდა”.
კვლევაში მონაწილე მოსახლეობის 65 % ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
“კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად გაუარესდა” (37%) და “მნიშვნელოვნად გაუარესდა” (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა “მეტ-ნაკლებად” ან “ძალიან” ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – ნათქვამია კვლევაში.