ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრეგოროვა ევროპარლამენტარების განცხადებაზე: თუ საკმარისი არაა, ნება მიბოძეთ, ჩემი ხმა დავამატო

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა 7 ევროპარლამენტარის ერთობლივ წერილს, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირისგან დახმარების შეწყვეტაზეა საუბარი, ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, განცხადებას ისიც ხელს მოაწერს.

გრეგოროვას თქმით, ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი.

“თუ ეს არ არის საკმარისი, ნება მიბოძეთ დავამატო თავმჯდომარის მოადგილის მე -8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობა – თუნდაც ისეთი კარგის, როგორც გამოაქვეყნა მისტერ დანიელსონმა – შეიძლება მართლაც გამოიწვიოს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი”, – განაცხადა გრეგოროვამ.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის თითოეული ევროპარლამენტარის აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის დაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და არა ევროპარლამენტი. ოცნების დეპუტატის ირმა ზავრადაშვილის თქმით, ეს არის რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი ევროპარლამენტარის განცხადება, რომელიც არ ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს რაიმე ფორმის სანქციას უყენებს. ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მან მხარეებს კონკრეტული საკითხები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ უნდა გათავსუფლდნენ პოლიტპატიმრები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.

იტვირთბა....