aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა: დაფინანსების შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს ევროკომისიას და არა ევროპარლამენტს, გაუგებარია ოპოზიციის ჟივილ-ხივილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის თითოეული ევროპარლამენტარის აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის დაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და არა ევროპარლამენტი.

ზარქუას თქმით, საქართველო როგორც არასდროს ისე ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან და ეს არა ერთხელ აღნიშნეს როგორც ევროპარლამენტში, ასევე აშშ-ის სენატში.

“იმის თქმა, რომ ვიღაცა ვიღაცას დაფინანსებას შეუწყვეტს, გადაჭარბებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ევროპარლამენტი არ არის უფლებამოსილი ეს გააკეთოს იმიტომ, რომ ამის მექანიზმი და  გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რამდენადაც ვიცი, აქვს ევროკომისიას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ის ჟივილ-ხივილი, რაც ამას ოპოზიციაში მოყვა. ზოგადად, ასეა, რომ მარგინალური ოპოზიცია ყოველთვის მიესალმება-ხოლმე და მთელი აღტაცებით იღებს-ხოლმე, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები ისმის საქართველოს მიმართ. თუმცა მინდა ოპოზიციის იმედები გავაქარწყლო, როგორც არასდროს ისე ახლოს არის დღეს საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან და ეს ითქვა თავად ევროპარლამენტიდან და სენატიდან”, – ამბობს ზარქუა.

ქართული ოცნების წევრი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ დიალოგსაც ეხმაურება და ევროპარლამენტარებს ურჩევს, დაასახელონ კონკრეტული გვარები, ვინც მოლაპარაკებები ჩაშალა. ამასთან, ზარქუა აცხადებს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი 5 პუნქტიდან სამს მაინც შეასრულებს.

“მე ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტარებმა კონკრეტული გვარებით ჩამოთვალონ ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები. ჩვენი გუნდის მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ 5 პუნქტიდან 3-ზე თანხმობა განვაცხადეთ, მეოთხე პუნქტი დანიელსონმა ამოიღო, ეს ვადამდელი არჩევნებია და ამის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მელიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია, რაც ვთქვით, რომ გირაო გადაიხადოს და ამნისტიაზე თანახმა ვართ, ესეც თავად უარყვეს და არ მიიღეს. ევროპარლამენტს ვურჩევდი, თქვან ვინ ჩაშალა და მერე უკვე ოპოზიციას ნიღაბი ჩამოეხსნება.  წინასწარ ვამბობდით, რომ სააკაშვილის ფრთას არ აქვს ინტერესი, რომ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. მათი ინტერესი არის ქაოსი, დესტაბილიზაცია, რაც სენატიდან ითქვა, რომ მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს პარლამენტს მიღმა რევოლუციური სცენარები. მიუხედავად ჩაშლილი მოლაპარაკებებისა, იმ სამ პუნქტზე, რომელზეც თანხმობა განვაცხადეთ, ისედაც დავაინიცირებთ. საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ინიცირებულია, ბარიერთან დაკავშირებით ინიცირებულია, სასამართლოსთანაც დაკავშირებით გუშინ სესიაზე დავაინიცირეთ. ჩვენს ვალდებულებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე ვიღებთ და ამით ამაყები ვართ”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მან მხარეებს კონკრეტული საკითხები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ უნდა გათავსუფლდნენ პოლიტპატიმრები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.

 

იტვირთბა....