ახალი ამბები საზოგადოება

სააკაშვილი: გორბაჩოვს პასუხი თავად გავეცი, გუშინ პოზნერს ქართველმა ხალხმა უპასუხა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორბაჩოვს 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი თავად გასცა, გუშინ კი პოზნერს ქართველმა ხალხმა უპასუხა.

“2008 წლის აგვისტოში რასაც იძახოდა გორბაჩოვი – ის ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას 2000 დაღუპულზე და პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე გავეცი გორბაჩოვს, რომელიც იგივეს ამბობდა მაშინდელ CNN-ის პირდაპირ ეთერში. გორბაჩოვის ტყუილების მერე ჩამრთეს ეთერში. მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭერელი ვეძახე. სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის – ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი, უკვე პოზნერის მრავალი წლის შემდეგ”, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....