„გამარჯობა, ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:
“1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.
2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.
და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება! ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი ორგანიზაცია “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.