“დღეს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა წერილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი” და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა. ადვოკატი აღნიშნულს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ნიკა მელიასთვის მიუღებელია.
“წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც – საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან,” – აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.