ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 30 მარტს გამართულ შეხვედრას და შეთანხმების ვერმიღწევას ეხმაურება და წერს:
“წუხანდელი მოვლენების კომენტირებაც კი არ ღირს. ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ფილმის Groundhug day (ზაზუნას დღე) ე.წ. “მასოვკად” და მუდმივად ერთიდაიმავე სცენარში ვმონაწილეობთ, სხვადასხვა ვარიეციებით.
განსხვავება იმაშია, რომ იქ ყოველი შემდეგი გამეორება ოდნავ უკეთესია. ჩვენთან პირიქით – უარესი.
ამიტომ, მხოლოდ ერთ, შედარებით ახალ თემაზე, 20 ივნისის მოვლენების ამნისტირებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ამინისტია ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. მათი ამოცანა არც არასდროს ყოფილა ამ საქმის გამოძიება. ამოცანა იყო, საქმის დაკიდება, ვაჭრობა და საჭირო მომენტში “სარფიანად” გაყიდვა პროდუქტის, რომელიც რეალურად მათი კომპრომატი უფროა, ვიდრე აქტივი.
ამიტომ, ოპოზიციის დღის წესრიგი მელიას გათავისუფლებაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საქმის არსებით განხილვაზე, რომლის მთავარი მოწმე მაკო გომური გახდება…
ზუსტად ეს სცენარი აშიშვლებს სისტემას მთელი თავისი სიმახინჯით და არა მელიას ეჭვმიტანილის სტატუსით გათავისუფლება.
ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომაც არ იხილავს არსებითად ამ საქმეს…ახლა კი ჩაფარცხვაზე ზრუნავს…” – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.