პოლიტიკა

თალაკვაძე: “ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად”

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მედიატორ კრიანტიან დანიელსონის შუამავლობით ჩანიშნულ შეხვედრას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.

როგორც თალაკვაძე „ტვიტერზე“ წერს, მმართველი გუნდი მიმდინარე მოლაპარაკებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და იგივე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებსაც.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას.

„შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....