პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება.
ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.