საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტის გუშინდელ პასუხს გამოეხმაურა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება აზრს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი.
“ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „ტვ მთავარის“, „ტვ პირველის“, „ტვ ფორმულას“, „სირცხვილიას“, თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუტინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…
ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო). ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.
იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, – წერს სოციალურ ქსელში პაპუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან, სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს მიმართა, – “რამდენად არის სიმართლე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს“.