ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სენატორის კითხვა ჯორჯ კენტს: იღებს თუ არა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან?

“რამდენად არის სიმართლე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს“, – აღნიშნული კითხვით აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან, სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს მიმართა.

“მეტრონომი” ჯინ შაჰინის კითხვასა და კენტის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

ჯინ შაჰინი: — „როცა 2012 წელს ჩვენ საქართველოში ვიყავით, ივანიშვილს, რომელიც განიხილებოდა „ქართული ოცნების“ მამად და აფინანსებდა პარტიას, აკრიტიკებდნენ რუსეთთან ძალიან ახლოს ყოფნისა და რუსეთისგან ბრძანებების მიღების გამო. იგი ამას უარყოფდა და როგორც მე ვიცი, აგრძელებს ამის უარყოფას, ისევე როგორც „ქართული ოცნება“. თუმცა, რამდენად ვფიქრობთ ჩვენ, რომ ამ [კრიტიკაში] არის სიმართლე და რამდენად ვართ შეწუხებულნი იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება არ იგრძნოს თავი თავისუფლად საკუთარი გადაწყვეტილების მიღებებისთვის ამ კრიზისის გადალახვისთვის იმიტომ, რომ მას სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის?

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი:  — „ვფიქრობ, თამამად შეიძლება შეფასდეს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობით, რასაც მოჰყვა მის მიერ ამ თანამდებობის ფორმალურად დატოვება, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს. მათ კვლავ სურთ NATO-ს წევრობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნათელია — ეს არის არა მარტო ქართველთა მინიმუმ 3/4-ის არჩევანი, ის ასევე არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი გზა, რომლის სათავეშიც, ფორმალურად, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად, როგორც პარტიის დამფუძნებელი, არის ბიძინა ივანიშვილი.

ვფიქრობ, როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, ეს ერთგულება საქართველოს გზისადმი და მათი სტრატეგიული მიზანი ნათელია. მიმაჩნია, რომ ეს მოსმენა ეხება იმას, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ღირებულებებისა, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე წაიყვანს. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის საზოგადოება ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს. ჩემი აზრით, ეს არის საბოლოო გამოცდა [საქართველოსთვის] და მიზეზი, თუ რატომაცაა თქვენ მიერ დანიშნული მოსმენა ასეთ მნიშვნელოვანი თემაზე საქართველოს მომავლისთვის“.

იტვირთბა....