ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალციხის კლინიკა სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციებს უპასუხოს” – თამარ გაბუნია

“კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად ანტიშოკური პირობები იყო ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ახალციხის კლინიკა სრულადაა მობილიზებული, რათა მსგავსი ტიპის რეაქციებს უპასუხოს. მისივე თმით, აღნიშნული კლინიკა იმუნიზაციის პროგრამაში კვლავ დარჩება.

“ეს არის ისეთი ბაზისური უნარ-ჩვევა, რომელიც მესამე კურსის შემდეგ სტუდენტს აუცილებლად მოეთხოვება. ახალციხის კლინიკა სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციებს უპასუხოს, ეს კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის სრულად აღჭურვილია და ექიმებიც დატრენინგებულები არიან. ამიტომ, კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად ანტიშოკური პირობები იყო ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს. მაგრამ უფრო მეტი გადაზღვევისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც ჩართული იქნება ვაქცინაციაში, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილება იყოს იქვე და ეს არის ჩვენი პირობა დღეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....