“27 წლის ექთანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს დასკვნა ამ კვირაში გახდება ცნობილი.
“როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.
მისივე განცხადებით, რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და რეგულირების სააგენტოს მხრიდან მოხდეს უფრო მკაცრი აღრიცხვა ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის და ასევე, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.