“ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო მეგი გარდაცვლილი უკვე ახალციხეში და ხომ არ მოხდა უკვე გარდაცვლილის თბილისში გადმოსვენება,” – ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთანის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი “რუთავი 2”-თან საუბრისას ამბობს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აცხადებს, რომ ექთანს წინა დღეებში მედიკამენტები დაუნიშნეს, თუ რა სახის აბებზე იყო საუბარი მათთვის უცნობია, ეს კი ოჯახს დამატებით ეჭვებს უჩენს.
“ოჯახს აქვს კითხვები რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო მეგი გარდაცვლილი უკვე ახალციხეში და ხომ არ მოხდა უკვე გარდაცვლილის თბილისში გადმოსვენება.
ოჯახის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული ზუსტად რა ტაბლეტია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზეა საუბარი, რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს.
მკლავზე აქვს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ეჭვებს ბადებს,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.