ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია: “დეზინფორმაციაა, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები”

“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა დეზინფორმაციაა,” – ამის შესახებ თბილისის მერიის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

“სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გეოლოგმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე ახალი მეწყრული ნაპრალები გაჩნდა.

ცნობისთვის, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. 

 

იტვირთბა....