ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

“ხალხის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, დეფორმაცია აქვს დაწყებული” – გეოლოგი მეწყერსაშიშ ზონაზე

გეოლოგი თეა გოდოლაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრულმა პროცესმა, რომელიც უკვე დაწყებულია, დეფორმაცია განიცადა და ვითარება კიდევ უფრო საშიში გახდა. მისივე თქმით, აუცილებელია შესაბამისი სწრაფი რეაგირება, სხვა შემთხვევაში საფრთხის ქვეშ არიან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

“ფერდს დეფორმაცია აქვს დაწყებული. მთელი ფერდი არის საშიში. ეს ხუმრობა კი არაა. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა, თორემ ყველა გეოლოგი ამას ამბობს. რა მნიშვნელობა აქვს მერია იყო თუ მამაღმერთი. აქ ხალხის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. ზედ არის მიდგმული დასახლებული პუნქტი და იმას გამაგრება კი არა, სასწრაფოდ ყველაფრის შეჩერებაა საჭირო, გამოკვლევა, რა არის, დინამიკაში როგორია და რა შეიძლება მოხდეს”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ “მეტრონომთან.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერის მოადგილე და კვლევის საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ეს გეოლოგებმა უნდა თქვან. აბსოლუტურად ვენდობით სპეციალისტების დასკვნებს და მათ კვლევას, რაც რამდენიმე დღეში იქნება. ადგილზე არის მერის მოადგილე იმ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კვლევას აკეთებს”, – უთხრეს თბილისის მერიაში “მეტრონომს.”

ავტორი: თამარ შუკვანი

იტვირთბა....