ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რომელიმე პარტიას თუ სურს ჩვენთან საქმიანი დისკუსია, ჩვენ მზად ვართ”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციაში კონსტრუქციული პარტიებიც არიან, რომლებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, არჩევნების გვერდის ავლით ქვეყანაში ცვლილებების განვითარება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესშია.

„კონსტრუქციული ნაწილი ნამდვილად ჰყავს ოპოზიციას. თუ ვინ არიან, ამას მგონია, უკვე ხედავს საზოგადოება. ორი პარტია შემოვიდა პარლამენტში, ერთი პარტია, „გირჩი“ უკვე სვამს კითხვებს, თუ რა საჭიროა ასეთი ტიპის პოლიტიკის გატარება. შიგნითაც ბევრი კამათია. „ლელოშიც“ არიან ლიდერები, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ. მერწმუნეთ, რაც დრო გავა, მოახლოვდება თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, ამ ოპოზიციურ ბანაკში მეტი ადამიანი დაუსვამს სააკაშვილს ძალიან მკაფიო კითხვას, რა შედეგს გამოიღებს, რამდენად სწორია ეს დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი ატარებს. მას უნდა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ქვეყანაში რაღაც ცვლილებას მიაღწიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პარტია “გირჩთან” ამ დროისთვის ინდივიდუალური მოლაპარაკებები არ შემდგარა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ნებისმიერ პარტიასთან გამართოს ინდივიდუალური შეხვედრა.

„ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ყოფილა. გუშინ ისინი იყვნენ დიალოგში ჩართულები და რა თქმა უნდა, როგორც ყველასთან, მათთანაც გვქონდა საუბარი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ეს არის პოლიტიკა და ჩვენ მმართველი გუნდი ვართ, გვაქვს პასუხისმგებლობა. რომელიმე პარტიას თუ სურს ჩვენთან საქმიანი დისკუსია, აქვს კითხვები ან სურს პასუხები მიიღოს სხვადასხვა საკითხზე, რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ მათთან კონსულტაციებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

იტვირთბა....