საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გარდაცვლილი 27 ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.
მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.