საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მან ეს განცხადება საკუთარ “ფესიბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ის იყო მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. თუმცა მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვანიშნებს.
“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.
მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.
მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ.” – დაწერა პრეზიდენტმა
მან ასევე მიუსამძიმრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილის ოჯახს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.
მისი თქმით, ის იყო შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. “გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი მიებარა მიწას.” – დაწერა მან.
“ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი. ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.
გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.
მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა.
ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!” – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
დათა ვანიშვილის სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.