“დავიღუპე შვილებო, დავრჩი მარტო. დავკრძალავთ სოფლის სასაფლაოზე, სადაც თავისი მშობლები, ძმები არიან. ზევითაა სასაფლაო. ორჯონიკიძიდან მოდიან ჩემი ძმები, ჩემი შვილი. აქედან ვერავინ მოდის.
შეშა დააპო, არ იყო ცუდად. მახო რომ წავიდა, იჯავრა, ძალიან იჯავრა. გვჭირდება დახმარება, პური, რაღაცეები. პატარა სუფრა რომ გავუშალო. დღეს უნდოდა ჩემს გოგოს საავადმყოფოში წაყვანა. დავბანე და მკითხა – სად უნდა წამიყვანოოო. მერე მითხრა, შენი სახლიდან არსად წახვიდეო, ჩემი სახლები არ წამართვანო. შენი ფეჩის გვერდზე დაჯექი და ქართველები დაგეხმარებიან, ეგენი მშიერს არ დაგტოვებენო. “
ვალია ვანიშვილი, დათა ვანიშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
დათა ვანიშვილის სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.