ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება ალერგიული შოკი იყო” – კულუმბეგოვი ვაქცინის გვერდითი მოვლენის შესახებ

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა და იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ საკითხი შესასწავლია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი უშუალოდ ვაქცინას. მისივე თქმით, მსგავსი გვერდითი მოვლენის შესახებ აქამდე ცნობილი იყო, თუმცა, კონკრეტულად ეს ფაქტი გამოსაკვლევია.

“შეიძლება ალერგიული შოკი იყო, ჯერ არ არის დადგენილი. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება და ყველა ეს ღონისძიება ახლა ხორციელდება. 7 საათზე შეხვედრა იქნება, გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა, რომლის წევრიც ვარ. სამინისტროში მივდივართ ყველანი.

საერთოდ, ვაქცინების გვერდითი მოვლენები არსებობს, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ვაქცინებთან. უკვე დადასტურებულია, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ გვერდით მოვლენებთან მიმართებაში.

ალერგიული რეაქციები არის ის გვერდითი რეაქციები, რომელიც უკვე ცნობილი იყო სანამ ჩვენამდე მოაღწევდა ვაქცინა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რთული გვერდითი მოვლენაა, რომელიც საშუალოდ ერთი მილიონი ვაქცინის დოზიდან 5-დან 10 შემთხვევაში ფიქსირდება, გააჩნია ვაქცინას.

წინა წლების განმავლობაში, ძველი ტრადიციული ვაქცინები მხოლოდ მილიონ შემთხვევაში იწვევდა ალერგიას. ამისთვის პროტოკოლიც კი არსებობდა. ეს არ არის თრომბოზული რეაქციაც, რასაც იძიებენ ევროპაში. ეს გარკვეულია უკვე, გაფრთხილებულია ადამიანი, რომ 5-დან 10-ს დაემართება ალერგია. რაც დაიწყო ვაქცინაცია ამის შესახებ უკვე ვიცით.

ამას ალბათ მოსახლეობაში გავლენა ექნება, მაგრამ კვალიფიციური კომისია შეაფასებს და დასკვნა იქნება, რასთან იყო ეს კავშირში და როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კონკრეტული შემთხვევა არის შესასწავლი, იყო თუ არა ეს ალერგია, თუ სხვა კომატოზური მდგომარეობა. ხომ არ იყო გულის უეცარი გაჩერება. ამას სჭირდება ჯერ დასკვნა”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “მეტრონომთან.

ცნობისათვის, ექთანი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, თბილისში გადმოყავთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 მარტს, ახალციხეში აცრის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა.

აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებას გააკეთეს.

ავტორი: თამარ შუკვანი

იტვირთბა....