დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგზე ახალციხეში, კლინიკა “იმედში” მომხდარ ფაქტს ეხმიანება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ნემისმიერ ვაქცინასა და წამალს თან ახლავს გვერდითი მოქმედებები.
„ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები,”- აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, “ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინფექციიდან 15-30 წუთში, თუმცა შეიძლაბა იყოს მოგვიანებითი რეაქცია.”
ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ამ დროისთვის, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.