“პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე ყველაში ვგულისხმობ ყველას. არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული რჩევა შემდეგია: პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასთან ხელისუფლების დიალოგი გრძელდება, თუმცა, “ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ – ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის განცხადებებით”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 16 მარტს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ ეუთოს შეფასებით, 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი”.
ჟოზეფ ბორელის ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა:
“ეს განცხადებები გამორიცხავს კითხვებს, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი – რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა იმ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კონსტრუქციული ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა.
შეგახსნენებთ, რომ მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 6 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.