“ვაქცინის სარგებელი არის 100-ჯერ და 1 000-ჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ხშირად არის საუბარი ვაქცინის გვერდით მოქმედებებზე. გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას. წყალმაც კი გარკვეული დოზით მიღებულმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. ვაქცინასაც, რა თქმა უნდა, აქვს გვერდითი ეფექტი. ვაქცინის სარგებელი არის 100-ჯერ და 1 000-ჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება. დღეს მსოფლიოში აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის.
მაშინ, როდესაც 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდით და სამწუხაროდ 2.6 მილიონი დაიღუპა. ავწონოთ სარგებელი და რისკი. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, რომ მეტად დავყვეთ მოწოდებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში 15 მარტს აიცრნენ.