ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შემზარავი ფაქტი: 48 წლის სამი შვილის დედამ ქმარი ქვით მოკლა

48 წლის ნონა ბ-შვილი ქმრის, 53 წლის ბეჟან ბ-ავას მკვლელობისვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა ქმარი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. დაკავებულმა ჩადენილი  დანაშაული აღიარა, თუმცა განაცხდა, რომ ქმრის მოკვლა  წინასწარ განზრახული არ ჰქონია და ის ცემის დროს შემოაკვდა.

ქალის მეზობლების ჩვენებით, ნონა ბ-შვილი ქმარს, რომელიც ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი იყო, მოკვლით ხშირად ემუქრებოდა და ეს ინციდენტიც ცოლ-ქმრის მორიგ კონფლიქტს მოჰყვა.

ჩხუბი ნონა ბ-შვილსა და ბეჟან ბ-ავას შორის ქალის კუთვნილ ბინაში მოხდა, სადაც ისინი დაქორწინების დღიდან ცხოვრობდნენ. მეზობლების განცხადებით, თავიდან ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნონა ბ-შვილს მშობლები გარდაეცვალა, რომლებიც მათ ეკონომიურად უზრუნველყოფდნენ და ოჯახი ბეჟან ბ-ავას იმედად დარჩა, მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა – ნონა ბ-შვილი ბეჟან ბ-ავას ხშირად ეჩხუბებოდა, ყველა კონფლიქტის დროს აძახებდა, რომ სახლი მისი იყო და ქმარს გარეთ აგდებდა. თუმცა ბეჟაბ ბ-ავა სახლში მაინც ბრუნდებოდა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა და ცოლის გამუდმებულ შეურაცხყოფასაც იტანდა.

მამაკაცი ოჯახს ყოველდღიური შემოსავლით არჩენდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, რის გამოც ცოლ-ქმარს შორის გაუთავებელი ჩხუბი იყო. ნონა ბ-შვილის ახლობლების განცხადებით, რვა წლის წინ ახალგაზრდა ქალი თირკმლით დაავადდა, ქმარს იმისი საშუალებაც არ ჰქონდა, რომ მისთვის ყოველდღიური მედიკამენტები ეყიდა, რის გამოც სახლიდან თითქმის ყველაფერის გაყიდვა მოუწიათ. მალე ნონა ბ-შვილი ქმარს იმის გამო გადაეკიდა, რომ ის სახლიდან ნივთებს არა მხოლოდ წამლებისთვის, ალკოჰოლის შესაძენადაც ჰყიდდა, რადგანაც მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა.

დანაშაულის დღეს, ნონა ბ-შვილმა მეზობლისგან შეიტყო, რომ მისმა ქმარმა 50 ლარად მის ნაცნობს საკერავი მანქანა მიჰყიდა. სწორედ ეს გახდა ცოლ-ქმრის შორის დაწყებული კონფლიქტის მიზეზი. საღამოს, სახლში დაბრუნებულ ბეჟან ბ-ავას, რომელიც ნასვამი იყო, ცოლმა განუცხადა, რომ ბინაში აღარ უშვებდა და ღამის გასათევი თვითონ ეპოვა.

ამონაწერი ლილი ჩ-შვილის ჩვენებიდან: „მე და ნონას სახლს ერთი ღობე გვყოფს. ცოლ-ქმრის ყოველდღიური ჩხუბით იმდენად შეწუხებული ვიყავი, ვცდილობდი, ყურადღება აღარ მიმექცია, მაგრამ იმ დღეს ნონა განსაკუთრებით აგრესიული იყო. დილიდან დაუწყო ბეჟანს ჩხუბი. ის სახლიდან გაიქცა.

ცოლ-ქმრის ჩხუბზე ბავშვებიც ატირდნენ – პატარები 10 და 7 წლისანი არიან. დედას ეხვეწებოდნენ, მამას თავი დაანებეო. საღამოს 7 საათი იქნებოდა, როდესაც კიდევ გავიგე ჩხუბის ხმა. ჩემს ეზოში ვიყავი, ვერ ვხედავდი, მათთან რა ხდებოდა, მაგრამ ხმა მესმოდა. ვერც კი მივხვდი, რომ ნონა ბეჟანს ქვით სცემდა. ხმაური რომ აღარ დამთავრდა, ღობეს მივუახლოვდი და მეზობლების ეზოში გადავიხედე.

დიდი ეზო აქვთ, ბავშვები სახლის ზღურბლთან იდგნენ. დავინახე, ბეჟანი ძირს ეგდო, ნონა კი ქვას ურტყამდა. ბეჟანს თავი სისხლიან ქვის ლოდზე ედო. ქალი ისე იყო გადარეული, აღარ ჩერდებოდა. ჩხუბის ხმაზე ქუჩიდან მეზობელი მამაკაცი შევარდა გასაშველებლად, მან აღმოაჩინა, რომ ბეჟანი მკვდარი იყო. თავის არეში ქვით მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული“.

ნონა ბ-შვილის მეზობლებმა მამაკაცის გადასარჩენად სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს – ის უკვე გარდაცვლილი იყო. ბეჟან ბ-ავა თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით იყო გარდაცვლილი. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს ნონა ბ-შვილი, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ შოკურ მდგომარეობაში მყოფი, გაქცევას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. ნონა ბ-შვილმა პირველი ჩვენება გამოძიებას დაკავების დღეს მისცა.

ამონაწერი ნონა ბ-შვილის ჩვენებიდან: „ბოლო წლებში ჩემი ქმრის მიმართ საშინელ ზიზღს ვგრძნობდი, შვილებთან ერთად დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდი, რაშიც, პირველ რიგში, ქმარს ვადანაშაულებდი, ის სახლიდან ნივთებს იპარავდა, კაპიკებში ყიდდა, რომ სასმელი ეყიდა, სულ არ ანაღვლებდა, მე და ჩემი შვილები რას შევჭამდით. ვგრძნობდი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, წონასწორობიდან ისე გამოვდიოდი, საკუთარ საქციელს ვერ ვაკონტროლებდი.

დანაშაულიც აღელვების დროს ჩავიდინე. ბეჟანის მოკვლა არ მინდოდა, უფრო შესაშინებლად დავუწყე ჩხუბი. იმ დღეს გავიგე, რომ 50 ლარად საკერავი მანქანა გაყიდა. სახლში დაბრუნებული ბეჟანი ნასვამი იყო. მე ხელი ვკარი, ძირს დავარდა და თავი ქვის ლოდს დაარტყა. თავი მაშინვე გაუტყდა, ქვა ავიღე და რამდენჯრმე თავში ჩავარტყი – აფექტში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, რამდენიმე მეტრში ჩემი პატარა შვილები იდგნენ და ტიროდნენ, მთხოვდნენ, მამას თავი დაანებეო, მაგრამ ისეთი გამწარებული ვიყავი, მათი სიტყვებიც არ მესმოდა.

გონზე მაშინ მოვედი, როცა მეზობელმა მამაკაცმა, რომელიც ჩვენს ეზოში ბეჟანის დასახმარებლად შემოვარდა, ხელიდან ქვა წამართვა და მითხრა, რომ ბეჟანი მოვკალი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. სანამ ჩვენს სახლში პოლიცია მოვიდა, ბავშვებს ხელი მოვკიდე და სახლის უკან გავიქეცი, მინდოდა, ტყისთვის შემეფარებინა თავი, მაგრამ ბავშვები არ გამომყვენენ. პოლიციამ სახლთან ახლოს დამაკავა.“

ბრალდებულ ნონა ბ-შვილის ახლობლების ჩვენების მიხედვით, ქალს ადრიდანვე აგრესიული და ემოციური ხასიათი ჰქონდა, რაც ავადმყოფობის ფონზე უფრო გაუმძაფრდა. გარდაცვლილი ბეჟან ბ-ავას დის ჩვენების მიხედვით, რძალმა მისი ძმა აფექტის ნიადაგზე კი არა, წინასწარი განზრახვით, თავიდან მოსაცილებლად მოკლა, რადგან მას სურდა რომ ცოლად მეგობარი მამაკაცს გაჰყოლოდა, რომელსაც მისი ინფორმაციით, ხვდებოდა.

დაზარალებულის ჩვენება არ დადასტურდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ნონა ბ-შვილმა ქმარი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა. სასამართლომ ნონა ბ-შვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: “დაიჯესტი”

იტვირთბა....