აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროცესსა და “ასტრაზენეკას” ირგვლივ არსებულ კითხვებს ეხმიანება.
როგორც ინფექციონისტი წერს, ვაქცინა “თრომბის” შემთხვევების რიცხვს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც და ამის დამადასტურებლად შესაბამისი სტატისტიკა მოჰყავს.
როგორც ექიმი განმარტავს, კორონავირუსს თან ახლავს თრომბის რისკი, ხოლო თუ ვაქცინა თრომბისგან დაიცავს ადამიანებს, ეს ნიშნავს, რომ იცავს თრომბისგანაც.
„რაც შეეხება ვაქცინებს, მგონია რომ ბოლო წლის განმავლობაში ყველამ საკმარისად დავკარგეთ საყვარელი ადამიანები იმისთვის, რომ ამჯერად “ასტრაზენეკას” გამო არ დავინდოთ ერთმანეთი…
მე არც მორალური და არც ეთიკური უფლება მაქვს და არ გავკადნიერდები, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოვუწოდო ან არ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ემოციას ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, არ არის ასე რთულად საქმე:
18 მილიონზე მეტი აცრილიდან „თრომბი“ დაუდგინდა 32 ადამიანს; ის რომ კოვიდით გამოწვეული თრომბი ძალიან ხშირია ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან ვაქცინა თუ კოვიდისგან დაგიცავს, თრომბის რისკსაც შეამცირებს, ეს ისედაც ნათელია, აქ ვაქცინის უსაფრთხოებაზეა საუბარი.
ამიტომ შესადარებელი ჯგუფი ამ შემთხვევაში არის ზოგადად „თრომბის“ ახალი შემთხვევები, რაც სქესის და ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ საშუალოდ 110-130 შემთხვევაა 100 ათასზე.
ანუ რა გამოდის, ხვალ რომ თეორიულად მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი არავაქცინირებული შევამოწმოთ, 15000-ზე მეტს შეიძლება დაუდგინდეს „თრომბი“, ანუ რეალურად გამოდის რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს.
რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ ამ რიცხვებით ვაქცინა რომ თრომბს დაუკავშირო, ჩემი აზრით სასაცილოა.
ამიტომ მე პირადად ძალიან მიკვირს, ეს რატომ გახდა მიზეზი თუნდაც 2 კვირით ვაქცინაციის შეჩერების (40 ზე მეტი ქვეყანა აგრძელებს სხვათა შორის), რა თქმა უნდა, ეს მე თუ დავთვალე 3 წუთში, როგორღაც გერმანია და საფრანგეთიც მოახერხებდა ხო და მალე გაირკვევა იმედია.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რატომ უნდა დავლოდებოდით ხარისხიან ვაქცინას, რამხელაზეა თამასა აწეული და რამდენ ფილტრს და მარეგულირებელს გადის, სანამ ჩვენამდე მოვა. ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით…
600 აცრილი და 4000 დარეგისტრირებული ექიმი არის მედპერსონალის ~7%, რაც საშინლად დაბალი რიცხვია, მაგრამ ამას უამრავი მიზეზი აქვს… ხოდა თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთ ლოგიკურ გზას ვხედავ, რომ პორტალი გაფართოვდეს შემდეგი რგოლისთვის.
ჩემზე ბერვად უფრო გამოცდილ და ჭკვიან კოლეგებს საქართველოში, ვინც აიცრა ან დარეგისტრირდა, არც კი ვაკადრებ რომ დავამშვიდო, იმიტომ რომ არ ჭირდებათ! წარმატებები!“, – წერს მამუკა მაჩაიძე.
შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.
15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.