ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეალურად ყველას ეშინია… საბოლოო დასკვნა კი თქვენი გასაკეთებელია” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ექიმი აღნიშნულ მიმართვაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთბასთან დაკავშირებით გამოწვეულ შიშსა და უნდობლობაზე საუბრობს. ამავე მიმართვაში ექმი დასძენს, რომ მეცნიერება უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ ნებადართული ვაქცინებით აცრას მისაღები რისკები აქვს და მისი სარგებლიანობა ბევრად, გადამწყვეტად აღემატება გართულების შანსებს.

ამასთან, როგორც ექიმი ამბობს, საზოგადოებას თუ სურს, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოს, მაშინ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ვაქცინაცია და ეს გარდაუვალია.

“ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც აცრის ეშინია. ბუნებრივი შიშია ეს, ირაციონალური, მაგრამ ბუნებრივი. ბევრი ობიექტური საფუძველიც აქვს ამ შიშს, მაგრამ უფრო მეტი სუბიექტური. ქვეცნობიერად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვართ ერთმანეთზე, ამ საძაგელ ვირუსზე, მკვეთრად შეცვლილ ცხოვრებისეულ რუტინაზე, მთელ მსოფლიოზე, პოლიტიკოსებზე, ექიმებზე და საკუთარ თავზეც.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კვლევის შედეგს წავიკითხავთ, რამდენ პროფესიონალს მოვუსმენთ; ისინიც ხომ გვაღიზიანებენ და ნერვებს გვიშლიან. თანაც, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ვინმეს ჩვენთვის კარგი უნდა? დიდ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს ხომ მხოლოდ მოგება სურთ, პოლიტიკოსებს ქულების დაწერა, სატანისტებს ჩვენი მაიმუნებად გადაქცევა, ბილ გეიტსებს ციფრულ ზომბებად გარდაქმნა, ნააბორტალი ქსოვილების ვაქცინებში გამომყენებლებს ჩვენი ცოდვაში ჩაგდება და ჯოჯოხეთში შეხრუკვა. უწყვეტად მოდის ინფორმაციის ნიაღვარი ყველა მხრიდან და გვაშფოთებს, სიმშვიდეს გვიკარგავს.

მილიონობით ადამიანი აიცრა უკვე მთელ მსოფლიოში. აიცრა ფრიად მისაღები რისკებით. თვეები გავიდა და არავის უხილავს რაღაც სასწაული, აქამდე უხილავი და გაუგონარი გართულება. იცრიან ყველანაირი ვაქცინით. ყველას თავისი არგუმენტი აქვს, საკუთარი რწმენა და ლოგიკა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ამერიკელმა პროფესორმა რუსული „სპუტნიკი“ გამოიწერა და თავად გაიკეთა სახლში. არიან ისეთებიც, ჩინური ვაქცინა რომ სცადეს. აბსოლუტური უმრავლესობა მაინც უახლეს ტექნოლოგიებს მიენდო. ცხადია, ეჭვები არის და გარკვეული დროის განმავლობაში იქნება, მაგრამ თანდათანობით იფანტება. ლოგიკა მაინც მუშაობს; მეცნიერების ლოგიკა. განსხვავება ძირითადათ ეფექტურობაშია. მოდერნა და პფაიზერი ლიდერობენ ჯერჯერობით; არც სხვები არიან მაინცდამაინც უკან. შიშს დიდი თვალები აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარგანწყობასაც. მშფოთვარე და აღელვებული ნერვული სისტემა იმუნურ დაცვაზეც არსებით გავლენას ახდენს, ასუსტებს, მოწყვლადს ხდის.

ავიცრა?- არ ავიცრა? – განიცდის ყველა; ზოგი თამამად საუბრობს თავის შიშებზე და ეჭვებზე, ზოგიც ბრავადას „აწვება“. რეალურად ყველას ეშინია. უბრალოდ, ზოგი უფრო ადვილად ერევა საკუთარ შიშს. მალე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოსახლეობათა უმრავლესობა აცრილი იქნება. რისკები? … განა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ერთი დიდი რისკი არ არის? მიენდეთ საკუთარ გონებას, ინსტიქტსა და ლოგიკას.

მეცნიერება აბა უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ ნებადართული ვაქცინებით აცრას მისაღები რისკები აქვს და მისი სარგებლიანობა ბევრად, გადამწყვეტად აღემატება გართულების შანსებს. თუ თქვენ გსურთ, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოთ, მაშინ ადრე თუ გვიან მოგიწევთ ვაქცინაცია. ეს გარდაუვალია. თუ ვერ ძლევთ შიშს ახლა, არაფერია, არ იდარდოთ; ძალით არავინ დაგაძალებთ რამეს. არაფერია ამაში დასაცინი და დასაძრახი. ნურც იმათზე განრისხდებით, ვინც მოახერხა საკუთარი შიშის დაძლევა და ვაქცინაციაზე ჩაეწერა და ნურც გადარწმუნებას შეეცდებით თქვენი შიშების მათზე გავრცელებით. შეიძლება დაუსრულებლად უსმინოთ გონიერ პროფესიონალთა მიერ მოწოდებულ რჩევებს, მაგრამ ამ რჩევების სარგებლიანობასაც თავისი საზღვრები აქვს. საბოლოო დასკვნა თქვენი გასაკეთებელია.

წარმატებებს გისურვებთ საკუთარ თავთან საუბარში და გადაწყვეტილებების მიღებაში.” – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....