“ჩემო თანამემამულეებო! უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად! ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “მთავარ არხზე” წერს და მოსახლეობას მიმართავს.
თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანიების “პირველისა” და “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ განცხადებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც კორონავირუსით თითოეული მოქალაქის გარდაცვალება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
როგორც ცერცვაძე წერს, ტელევიზია, რომელიც სიკვილიანობას უვაქცინობას აბრალებდა, ახლა ანტივაქსერულ მოძრაობას ახალისებს.
“ა.წ. 10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ „მთავარი არხის“ და „TV პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური“. ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას.
ჩვენს პოსტს მოჰყვა მოსალოდნელი ლანძღვა-გინება ცალკეული ინტერნეტ მომხმარებლებისგან. მათ შორის, ალბათ ტროლებიც იყვნენ. მათ ბუნებრივია ვერ გვაპატიეს ის, რომ საქართველოში COVID პანდემია კარგად იმართება. მათ, ალბათ ვერც ის გვაპატიეს რომ ქვეყანამ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი მსხვერპლით და ზარალით და ვერც ის, რომ საქართველო პირველი მსოფლიოში ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადარჩენილია 73 ათასი ავადმყოფის სიცოცხლე.
საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებისთვის და ტელევიზიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს. მაშინ ხომ რევოლაცია საჭირო აღარ იქნება. პანდემიის მართვა კი მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია.
კომენტარების ლექსიკით და შინაარსით, ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. მე სპეციალურად არ დავბლოკე მათი კომენტარები, რათა მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.
დღეს ქვეყანაში უკვე შემოვიდა საერთაშორისო აღიარების მქონე ვაქცინის პირველი პარტია. წარმოდგენილი მაქვს რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ „ორი გვამი“.
„მთავარმა არხმა“ უკვე მოახდინა სრული თვითლუსტრაცია, როცა წამოიწყო ნორმალური ადამიანისთვის ძნელად დასაჯერებელი და ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში კამპანია, დაარწმუნონ ექიმები და მოსახლეობა, რომ უარი სთქვან ამ ვაქცინით აცრაზე. წარმოგიდგენიათ ზუსტად ის ხალხი, რომელიც იმუქრებოდა, რომ 2 მარტის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას ვაქცინის არქონას დააბრალებდა, ახლა მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხედავთ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე? მათ უკვე „ორი გვამი“ კი არა, „ბევრი გვამი“ სჭირდებათ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ და რევოლუცია მოაწყონ.
ჩემო თანამემამულეებო! უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად! ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „TV პირველს“ ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.
სხვათაშორის, ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრება და რომელთანაც ადრე მწვავე პროფესიული დავა მქონდა, დადო შესანიშნავი ანალიტიკური პოსტი ასტრაზენეკას ვაქცინაზე და მის საწინააღმდეგო კამპანიაზე, პრინციპით – „Amicus Plato, sed magis amica veritas“. ბრავო, ქ-ნო ირმა!
მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების და მათი მხარდამჭერების რიტორიკამ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო ცალსახად მიიჩნევს, რომ საქართველოში COVID-19-ის პანდემია კარგად იმართება. ამაზე მეტყველებს თუნდაც NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელსაც ვერაფრით ვერ დავაბრალებთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ სიმპატიას და მიკერძოებას.
ახლა კი იმათთვის, ვინც ვითომ ვერ მიხვდა, თუ როგორ შეიძლება შევედაროთ 66 მილიონიან ბრიტანეთს ან 83 მილიონიან გერმანიას, ან თუნდაც იგივე 9 მილიონიან ისრაელს.
საქართველოს დღემდე არ ჰქონდა ვაქცინა. მაშინ, როდესაც ისრაელმა, აშშ-მ, ინგლისმა, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს.
ა.წ. 2 მარტს, როცა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ თავისი ისტორიული განცხადება გააკეთა, საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა 12 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ბრიტანეთში – 343 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში – 1989 ავადმყოფი (6 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), გერმანიაში – 401 ავადმყოფი (5 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ისრაელში – 30 ავადმყოფი (3 ავადმყოფი ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე). იგივე 2 მარტს საქართველოში დაფიქსირდა COVID-19-ის 461 ახალი შემთხვევა (115 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), ხოლო ისრეალში – 5050 ახალი შემთხვევა (583 ახალი შემთხვევა ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე), აშშ-ში – 56 890 ახალი შემთხვევა (172 ახალი შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე) და ა.შ. ეს ფაქტი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არაეფექტიანია და/ან საჭირო არ არის (პირიქით – ის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია), არამედ იმაზე, რომ საქართველო ვაქცინის არქონის პირობებშიც კი ახერხებდა წარმატებით ემართა COVID-19-ის პანდემია. თუმცა, ვაქცინის გარეშე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საქართველოს აქვს ევროპის 41 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. CFR – 1.33% (ეს მაჩვენებელი ასახავს ყველა დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტს და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე). საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბელგიის, აშშ-ის, ავსტრიის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას და კიდევ ბევრი სხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
ძალიან მნიშვნელოვანი – საქართველოში დაფიქსირებულია ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 გარდაცვლილი), მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ასეთი რამოდენიმე ასეულები ან ათასებია. მაგალითად, ბრიტანეთში მათივე მონაცემებით ჰოსპიტალს გარეთ დაახლოებით 7 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა.
ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ არ დაუწყია ვაქცინაცია და შეზღუდვებიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია. ნახეთ და შეადარეთ, როგორი მკაცრი შეზღუდვებია დღესაც კი იგივე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში. ვეკითხები ყველა არაანგაჟირებულ ადამიანს, როცა ქვეყანა ვაქცინის გარეშეც კი უკეთეს შედეგებს დებს, ვიდრე სხვა ქვეყნები ვაქცინით, ამას რა ჰქვია – COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურების კარგი მუშაობა, თუ ცუდი? და ის მხარდაჭერას იმსახურებს, თუ ლანძღვა-გინებას?
პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების მხარდამჭერები მე იმასაც მსაყვედურობენ, რომ „უსტარების წერა კარგად მეხერხება“, მაგრამ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ მე უსტარების წერაც მეხერხება, COVID-19-ის პანდემიის კლინიკური ნაწილის წარმატებით მართვაც, და ჯანდაცვის გლობალური პრობლემების (აივ/შიდსი, C ჰეპატიტი) გადაჭრაში მონაწილეობაც და სანამ პირში სული მიდგას, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვიდეს COVID-19-ის პანდემიიდან.
ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად!”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.