ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიცრუეა, რომ ცოლმა ბასილაშვილისთვის ტურნირებზე გამოსვლის აკრძალვა მოითხოვა” – PHR

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარის განცხადებით, ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მათ მოითხოვეს, ბასილაშვილს ტურნირებში ასპარეზობის უფლება შეეზღუდოს.

დოროყაშვილის დაცვის მხარის განმარტებით, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება.

“ცალსახად ვამბობთ რომ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება, ერთი მხრივ, ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორე მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ნელი დოროყაშვილის, როგორც დაზარალებულის, დამატებით ფსიქოლოგიურ დათრგუნვას“. – აცხადებს PHR.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტას, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

ცნობისთვის, ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....