ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დაიცვას ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს

„დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია“. – ამ განცხადებით ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

„არც ერთ სასამართლოს დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ არაერთხელ გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტას, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....