მამა პეტრე კოლხი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელის გამოხმაურებებზე წერს.
როგორც პეტრე კოლხი თავის პოსტში ამბობს, მას არ ეგონა, რომ ბასილაშვილის გამარჯვებას ასეთი რეაქციები თუ მოჰყვებოდა.
“ბასილაშვილის გამარჯვება თუ ასე გაუხეთქავდა ნახევარ ერს, თუ მეტს არა, გულს, მართლა არ მეგონა…
ადამიანებო, სირცხვილია… ასე ძალიან რატომ ძალადობთ საკუთარ თავზე… რატომ ირთულებთ ცხოვრებას, რატომ იმძიმებთ სულს…
დატკბით, გაიხარეთ რაც მოხდა…
ამას უკვე სახელიც არ გააჩნია!..” – წერს მოღვარი.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტას, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.
ცნობისთვის, ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.
ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.